OpenAI ხურავს ნეიროქსელ Sora-ს, ხელოვნური ინტელექტის მოდელს, რომელსაც ტექსტური მოთხოვნის მიხედვით მოკლე ვიდეოების შექმნა შეეძლო
ტექნოლოგიები

ფოტო: Reuters
ნეიროქსელ Sora-ს დეველოპერები პროექტს დაემშვიდობნენ. Sora ხელოვნური ინტელექტის მოდელია, რომელსაც ტექსტური მოთხოვნის მიხედვით მოკლე ვიდეოების შექმნა შეეძლო. კომპანია OpenAI-მ ის 2024 წლის თებერვალში წარადგინა, განახლებული მოდელი Sora 2 კი 2025 წლის შემოდგომაზე გამოუშვა.
„ჩვენ ვემშვიდობებით Sora-ს. მადლობა ყველას, ვინც მას იყენებდა, აზიარებდა ნამუშევრებს და აყალიბებდა მის გარშემო საზოგადოებას. ის, რაც თქვენ Sora-სთან ერთად გააკეთეთ, მნიშვნელოვანი იყო და გვესმის, რომ ეს სიახლე შესაძლოა იმედგაცრუება იყოს“, - ნათქვამია გუნდის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში X გამოქვეყნდა.
პროექტის ავტორებმა პირობა დადეს, რომ მალე გააზიარებენ დამატებით ინფორმაციას, მათ შორის აპლიკაციისა და API-ს მუშაობის ვადების შესახებ, ასევე ინსტრუქციას, თუ როგორ შეინახონ მომხმარებლებმა თავიანთი მასალები. პროექტის დახურვის მიზეზი ოფიციალურად არ განმარტებულა.
Sora-ს დახურვის შესახებ OpenAI-ს გეგმებზე გამოცემა The Wall Street Journal-იც წერს. გაზეთის მონაცემებით, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, სემ ალტმანმა, თანამშრომლებს ცვლილებების შესახებ 24 მარტს აცნობა. როგორც WSJ აღნიშნავს, ზოგიერთი თანამშრომელი გაოცებული დარჩა იმით, თუ რამდენი გამოთვლითი რესურსი ჩადო კომპანიამ ამ პროექტში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პროდუქტზე აშკარა მოთხოვნა არ იკვეთებოდა.





