ახალ აიფონებს ცოტა მყიდველი ჰყავს
ტექნოლოგიები

ახალი აიფონების გაყიდვა "პირველი ტალღის ქვეყნებში" უკვე დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად, Apple-ის მაღაზიებთან ამჯერად არანაირი რიგები არ შექმნილა. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი სინგაპურში შეიმჩნეოდა, სადაც კორპორაციის მთავარი მაღაზიის შესასვლელთან დაახლოებით 50 ადამიანი შეიკრიბა.
The Sun-ის ცნობით, Apple-ის ლონდონის მთავარ მაღაზიაში რიჯენთ-სთრითზე iPhone 8 შვიდმა მომხმარებელმა შეუკვეთა, სამაგიეროდ მათ გარშემო თავი მოიყარეს რამდენიმე ფოტოგრაფმა, სამმა პოლიციელმა და დაცვის ოთხმა თანამშრომელმა. იქვე ახლოს, ახალი აიფონის საყიდლად, კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა.
ბრიტანეთის დედაქალაქის სხვა მაღაზიებში კიდევ უფრო მეტი სიმშვიდე იყო. კოვენტ-გარდენზე, მაღაზიის გახსნისთვის შესასვლელთან არავინ იდგა.
ავსტრალიაში, სიდნეიში Apple-ის მთავარმა მაღაზიამ 30-ზე ნაკლები ადამიანი შეკრიბა, მაშინ როდესაც ახალი აიფონების შესაძენად აქ ასობით ადამიანი ღამეებს ათენებს ხოლმე. აშშ-დან რაიმე განსაკუთრებული აჟიოტაჟის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
12 აგვისტოს, კომპანიამ სამი ახალი სმარტფონი წარმოადგინა: iPhone X, iPhone 8 და iPhone 8 Plus. iPhone X ამ წლის ნოემბრიდან გაიყიდება, iPhone 8-ის და iPhone 8 Plus-ის ყიდვა კი უკვე შესაძლებელია.
ინვესტორები iPhone 8-ის მიმართ ინტერესის ნაკლებობას იმით ხსნიან, რომ Apple-ის ტექნიკის მოყვარულები iPhone X-ის გამოსვლას ელოდებიან. იმავდროულად, ექსპერტების აზრით, iPhone 8 წინა მეშვიდე მოდელისგან ბევრი არაფრით განსხვავდება.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორპორაცია Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია, 10 დღის განმავლობაში, დაახლოებით 50 მილიარდი დოლარით შემცირდა.
საქართველოში, პირველი iPhone 8 უკვე გაიყიდა. iPhone X 3 ნოემბრიდან გაიყიდება.





