„ვიკიპედიის“ თანადამფუძნებელმა ტვიტერს და ფეისბუკს კონკურენტი სოცქსელი შეუქმნა
ტექნოლოგიები

ფოტო: Shutterstock.com
„ვიკიპედიის“ თანადამფუძნებელმა ჯიმი უეილსმა შექმნა სოციალური ქსელი WT: Social, რომლის მიზანიც ისეთი პლატფორმის შექმნაა, რომელიც ხარისხიანი კონტენტის წყალობით Facebook-ს და Twitter-ს კონკურენციას გაუწევს. ამის შესახებ უეილსი Financial Times-ს ესაუბრა.
WT: Social მომხმარებლების შემოწირულობებით იარსებებს, რომ რეკლამა არ დასჭირდეს. უეილსის თქმით, სწორედ რეკლამაა სოცქსელების მთავარი პრობლემა, რადგან ისინი რეკლამაზე აწყობენ ბიზნეს-მოდელს. შედეგად, მომხარებლები იღებენ დაბალი ხარისხის ინფორმაციას.
უეილსს მიაჩნია, რომ Netflix-ის და Spotify-ს წარმატება ადასტურებს იმას, რომ მომხმარებელი მზადაა ფული მისთვის მნიშვნელოვან კონტენტში გადაიხადოს.
WT: Social-ი ახლდება პოსტების ქრონოლოგიიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც ფეისბუკის ნიუსფიდი ყალიბდება, მაგალითად, „ლაიქების“ და კომენტარების რაოდენობის გათვალისწინებით (თუმცა ამ მექანიზმის ზუსტ ალგორითმს Facebook-ი არ ასაჯაროებს).
WT: Social-ი ოქტომბრიდან ამოქმედდა და რამდენიმე თანამშრომლის ძალისხმევით მუშაობს. ერთი თვის განმავლობაში მომხმარებლების რიცხვმა 50 ათასს მიაღწია.
უეილსის წინა პროექტი WikiTribune-ც შემოწირულობების ხარჯზე უნდა განვითარებულიყო, - წერს Forbes-ი, მაგრამ განსაკუთრებულად წარმატებული ვერ აღმოჩნდა. ბოლო პოსტში WikiTribune-ზე ვკითხულობთ, რომ რესურსი WT: Social-ზე „გადადის“.





