Facebook-ი ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის გამომწვევი ინფორმატორის შესახებ ჩანაწერებს წაშლის
ტექნოლოგიები

ფოტო: Twitter
Facebook-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, წაშალოს სოციალური ქსელიდან ყველა ჩანაწერი აშშ-ის დაზვერვის თანამშრომლის შესახებ, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე საჩივარი დაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ზიანის შემცირების პოლიტიკა „მოწმეების, ინფორმატორებისა და აქტივისტების“ ვინაობის გამხელას კრძალავს. Facebook-ში აღნიშნავენ, რომ ეს მიდგომა შეიძლება გადაიხედოს, თუ ინფორმატორის სახელი მედიაში გამოქვეყნდება.
Associated Press-ის ცნობით, ინფორმატორის ვინაობის გამხელა Twitter-ზე შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში ინფორმატორის ვინაობის დადგენისთვის გამოსადეგი ინფორმაციის გაცვლა აკრძალულია.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.





