ავსტრალიაში ტელეფონით მოსარგებლე მძღოლების გამოსავლენად ახალი ტექნოლოგია დაინერგა
ტექნოლოგიები

ფოტო: AP Photo
ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატი საჭესთან მობილური ტელეფონით მოსარგებლე მძღოლების გამოსავლენად ახალ ტექნოლოგიას ნერგავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
შტატის გზების მინისტრის ენდრიუ კონსტანსის განცხადებით, ავსტრალიის ყველაზე ხალხმრავალი შტატი გახდება მსოფლიოში პირველი რეგიონი, სადაც გზებზე დამონტაჟდება ორი ვიდეოკამერისგან შემდგარი მოწყობილობა, რომელთაგან ერთი ავტომობილის სანომრე ნიშანს გადაიღებს, მეორე ვიდეოკამერა კი ავტომობილის წინა საქარე მინაზე იქნება მიმართული და მძღოლის ხელებს გადაიღებს. ფოტოებს სპეციალურად შექმნილი სამსახურის თანამშრომლები შეამოწმებენ და დამრღვევებს ფოტომტკიცებულებასთან ერთად 232-დოლარიან ჯარიმასაც გამოუწერენ.
პროექტის პირველ ეტაპზე მიმდინარე წლის დეკემბრამდე ახალი სამხრეთ უელსის შტატის გზებზე 45 ახალი მოწყობილობა დამონტაჟდება. მათი ნაწილი კონკრეტულ მონაკვეთებზე დაიდგმება, კიდევ ერთი ნაწილი კი შტატის ტერიტორიაზე მოძრავ სატვირთო ავტომობილებზე დამონტაჟდება.
6-თვიანი სატესტო რეჟიმის დროს ორმა მოწყობილობამ 8,5 მილიონი ავტომობილი შეამოწმა და დარღვევის 100 ათასზე მეტი ფაქტი გამოავლინა. 2023 წლისთვის ხელისუფლება წელიწადში შემოწმებული ავტომობილების რაოდენობის 135 მილიონამდე გაზრდას გეგმავს.





