გაეროს ანგარიში: ადამიანების გამო მილიონამდე ბიოლოგიური სახეობა გადაშენების პირასაა
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
მსოფლიოში არსებული 8 მილიონამდე ბიოლოგიური სახეობიდან მილიონზე მეტს ადამიანის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის გამო გადაშენება ემუქრება. სპეციალისტების განცხადებით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დანაკარგი პლანეტისთვის. ამის შესახებ გაეროს ანგარიშში წერია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, დედამიწაზე ადამიანთა რაოდენობის ზრდა, მათ მიერ გარემოს რესურსების კიდევ უფრო ჩქარი ტემპებით ათვისებას იწვევს, მათ შორის საუბარია მიწის ნაკვეთებსა და ტყეებზე.
ბიოლოგიური სახეობების გადაშენების პროცესი 10-ჯერ და 100-ჯერ უფრო დაჩქარდა, ვიდრე ეს საშუალოდ ბოლო 10 მილიონი წლის განმავლობაში იყო.
გადაშენების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან: ამფიბიები (40%-ზე მეტი), რიფების წარმომქმნელი მარჯნების 33%, წყლის ცხოველების 1/3-ზე მეტი.
ანგარიშის ავტორების თქმით, მსოფლიოში არსებული მიწის მესამედი, ხოლო სუფთა წყლის 75% ადამიანების მიერ არის ათვისებული და მათ მიერ გამოიყენება. მათი თქმით, ბიოლოგიური არსებებისთვის პლანეტაზე სულ უფრო და უფრო მცირდება ადგილი და გარემო პირობები, რაც მათ გადაშენებას უწყობს ხელს.
პლანეტიდან ბიოლოგიური სახეობების გაქრობაზე ასევე გავლენას ახდენს გლობალური დათბობა და კლიმატური ცვლილებები, ჰაერის დაბინძურება, ასევე აგრესიული მწერების გამრავლება (1970 წელთან შედარებით, მსოფლიოში ასეთი მწერების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი).
კატასტროფული მოლოდინების მიუხედავად, სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან, მაგრამ ისინი იმასაც დასძენენ, რომ პროცესი შეჩერდება თუ ყველა პრობლემური მიმართულებით ერთდროულად დაიწყება მუშაობა.
ანგარიშზე 50 ქვეყნიდან 143 ექსპერტმა იმუშავა.





