ირაკლი ბერაია: ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტისას, ჩვენი მხრიდან ხაზი გაესმება ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილების დაჩქარებას
თავდაცვა

ირაკლი ბერაია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინასთან შეხვედრისას ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ხაზი გაესმება ალიანსში საქართველოს გაწევრიანების გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობას, - ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განუცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ხავიერ კოლომინას ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანია. „ესაა უდიდესი ვიზიტი, მას შემდეგ, რაც საქართველოს სტუმრობდა ნატოს სამხედრო კომიტეტი. ეს ადასტურებს ალიანსსა და ჩვენს ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობას, პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. ალიანსის წარმომადგენელთან ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოს წინაშე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიღწეულ პროგრესზე, ისე, როგორც შავ ზღვაზე ალიანსის გაზრდილი ჩართულობის აუცილებლობაზე“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
დღეს საქართველოს ნატოს გენმდივნის ახლად დანიშნული სპეცწარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ეწვევა.





