საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები 500-ლარიან ანაზღაურებას მიიღებენ
თავდაცვა

ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500-ლარიან ანაზღაურებას მიიღებენ. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. უწყების ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება სამინისტროში თავდაცვის ძალების ისტორიაში პირველად მიიღეს. აქამდე, სამთვიანი კურსის გავლა, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე ანაზღაურების გარეშე ხდებოდა.
ამასთან, რეკრუტებისთვის კიდევ ერთი სიახლე თანამედროვე, ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების ინფრასტრუქტურა გახდა. სამინისტროს ცნობით, დღეიდან საბრძოლო მომზადების კურსის გავლას დღეიდან 319 რეკრუტი შეუდგა.
„საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გამგზავრებამდე რეკრუტებს მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტესტირება, თერმოსკრინინგი და შესაბამისი გამოკითხვა ჩაუტარდათ. საწყისი საბრძოლო მომზადების პირველი ეტაპი კი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დაიწყეს. გორში მათ სამხედრო ფორმები დაურიგდათ და ინსტრუქტაჟის შემდეგ ჯგუფებში გადანაწილდნენ. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში BCT კურსის თეორიული ნაწილი 11 დღე გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც რეკრუტებმა სამწყობრო მომზადება, ტაქტიკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, კავშირგაბმულობა, პირველადი სამედიცინო დახმარება და საქართველოს სამხედრო ისტორია შეისწავლეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





