Sotheby's-ის აუქციონზე დევიდ ბოუის ავტოპორტრეტს გაყიდიან
ტაბლოიდი

ფოტო: Legion-Media
ლეგენდარული მუსიკოსის დევიდ ბოუის იშვიათი ავტოპორტრეტი Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდება. Variety-ს ცნობით, აუქციონი 15 ოქტომბერს გაიმართება.
ავტოპორტრეტი აუქციონზე პირველად გამოიფინება და მისი ღირებულება 35 000-დან 55 000 ფუნტ სტერლინგამდეა შეფასებული. ბოუიმ ეს ნახატი 1996 წელს შექმნა და მოგვიანებით სენტ-აივზში თავის გალერისტს აჩუქა.
ნამუშევარში მუსიკოსმა თავისი გამორჩეული თვისება - სხვადასხვა ზომის გუგები ხაზგასმით წარმოაჩინა. თვალების ამ მდგომარეობას ანიზოკორია ეწოდება, რომელიც ბოუის ტრავმის შედეგად განუვითარდა და დროთა განმავლობაში მისი სავიზიტო ბარათი გახდა. გარდა ამისა, ავტოპორტრეტს ქვედა ნაწილში თავად ბოუის ხელის ანაბეჭდებიც ახლავს.





