უკრაინის ახალმა პრემიერმა მთავრობის შენობაში ელექტროსკუტერით გაისეირნა
ტაბლოიდი

ოლექსი გონჩარუკი
ფოტო: Facebook
უკრაინის ახალმა პრემიერმინისტრმა ოლექსი გონჩარუკმა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების სახელზე ვიდეომიმართვა ჩაწერა, რათა მათი ყურადღება მიაპყროს პოლიტიკას. მან ვიდეოში აუდიტორიას მინისტრთა კაბინეტის შენობა უჩვენა. ვიდეოში უკრაინის ახალი პრემერი შენობაში ელექტროსკუტერით გადაადგილდება.
"გამარჯობა მეგობრებო! დღეს 1 სექტემბერია, ცოდნის დღე. ხვალ თქვენ წახვალთ სკოლაში... მე კი სამუშაოდ უკრაინის მინისტრთა კაბინეტში წავალ, სადაც პრემიერმინისტრად ვმუშაობ", - ამბობს გონჩარუკი ვიდეოში.
ამასთან, უკრაინის ახალი პრემიერი ახალგაზრდებს ჰპირდება, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა შექმნას ყველა პირობა, რომლითაც ახალგაზრდები გაიზრდებიან ჭკვიანები, განათლებულები და თავისუფლები.
უკრაინის უზენაესმა რადამ ოლექსი გონჩარუკი ქვეყნის პრემიერმინისტრად 29 აგვისტოს აირჩია.
35 წლის ოლექსი გონჩარუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ეკოლოგიის მინისტრის იგორ შევჩენკოს მრჩეველი, შემდეგ კი პირველი ვიცეპრემიერის სტეპან კუბივის მრჩეველი იყო.
2015 წლიდან გონჩარუკი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ეფექტური რეაგირების ოფისს (BRDO) ხელმძღვანელობდა, საიდანაც ზელენსკის ადმინისტრაციაში გადავიდა.





