მიხეილ ყაველაშვილი ზურაბ დათუნაშვილს შეხვდება
სპორტი

მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: არქივი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს დღეს შეხვდება.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ისაუბრებენ სპორტსმენის უსაფრთხოებაზე, მისი უფლებების დაცვასა და საქართველოს სახელით პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაზე.
მიხეილ ყაველაშვილი არ გამორიცხავს, ასევე შეხვდეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესაც. თავად ზურაბ დათუნაშვილი კი მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანთან ითანამშრომლოს.
ამასთან, მოჭიდავეები ზურაბ დათუნაშვილის განცხადებას ეხმაურებიან. რომლის მიხედვითაც, თუ გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად დარჩება, არ გამორიცხავს, კარიერაზე უარი თქვას ან ასპარეზობა მომავალში სხვა ქვეყნის სახელით განაგრძოს.
საფრანგეთიდან დაბრუნებული სპორტსმენები ამბობენ, რომ დათუნაშვილის წასვლა ქართული სპორტისთვის დიდი დანაკლისი იქნება და აცხადებენ, რომ დაპირისპირება, რომელიც ჭიდაობის ფედერაციაში დღეს არსებობს, მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
24 იანვარს სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
მანამდე გეგა გეგეშიძე პოლიციამ დაკითხვის შემდეგ დააკავა. მას სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბისას, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავებიან.





