Le Figaro: „მარსელისა“ და სოფიის „ლევსკის“ მატჩის დაწყებამდე სტადიონზე გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა საგნები და პიროტექნიკა დაუშინეს
სპორტი

Reuters
ხუთშაბათს, ევროპა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრის დაწყებამდე, რომელშიც ერთმანეთს „ოლიმპიკ მარსელი“ და სოფიის „ლევსკი“ უპირისპირდებოდნენ, სტადიონ „ველოდრომის“ ტრიბუნებზე ორივე გუნდის გულშემატკივრებს შორის ინციდენტი მოხდა.
მატჩის დაწყებამდე დაახლოებით ათი წუთით ადრე, „მარსელის“ რამდენიმე ათეულმა ქომაგმა დატოვა სამხრეთ ტრიბუნა და გვერდით ტრიბუნაზე გადაინაცვლა. არსებული ინფორმაციით, ფრანგი გულშემატკივრები ბულგარელ ქომაგთა ჯგუფს დაედევნენ, რომლებმაც თავი სტუმარი გუნდის სექტორს შეაფარეს, სადაც „ლევსკის“ 500-მდე გულშემატკივარი იმყოფებოდა.
ამის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა - მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა საგნები და პიროტექნიკა დაუშინეს.
სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სიტუაციის განმუხტვა და წესრიგის აღდგენა მალევე შეძლეს. შეხვედრა დათქმულ დროს დაიწყო, რის შემდეგაც „მარსელის“ ქომაგებმა უკან, სამხრეთ ტრიბუნაზე დაბრუნება დაიწყეს.




