სპორტის მინისტრი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ვარჯიშს დაესწრო
სპორტი

ფოტო: სპორტის სამინისტრო
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე 2026 წლის ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების პირველი მატჩის წინ ვარჯიშს დაესწრო.
მინისტრმა ხელბურთელებს კონტინენტის პირველობაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა.
ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის მატჩებს შვედეთის ქალაქი მალმე მასპინძლობს. 17 იანვარს საქართველოს ეროვნული ნაკრები ხორვატიას „მალმე არენაზე” დაუპირისპირდება, 19 იანვარს - შვედეთს, 21 იანვარს კი ნიდერლანდებს შეხვდება.
ეროვნული ნაკრების ვარჯიშს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანიც ესწრებოდნენ.
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრისას „თბილისი არენაზე“ საბერძნეთს დაუპირისპირდა. ისტორიული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით - ანგარიშით 29: 26 - დასრულდა. ამ გამარჯვების შედეგად ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოიპოვა ასპარეზობის უფლება.
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2024 წელს გერმანიაში ითამაშა. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ბოლო ტურის მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს.
2026 წლის ევროპის ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით იმართება და მას დანია, ნორვეგია და შვედეთი მასპინძლობს.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.





