ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვმსჯელობთ ტრეფიკინგსა და მის რისკებზე, ამას, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვაკეთებთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნულოვანი კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე
საზოგადოება

ირაკლი კირცხალია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც რისკებზე ვმსჯელობთ, როგორც მიმდინარე რისკებზე, ასევე სამომავლო რისკებზე, როდესაც ფაქტებზეა ლაპარაკი, ფაქტებიც ვიცით, ზოგი ფაქტია ისეთი, რომელიც შეიძლება ითქვას, ზოგი ფაქტია, რომელიც შეიძლება არ ითქვას, იმიტომ, რომ ამით უსარგებლიათ ჩვენს მოქალაქეებსაც და არამხოლოდ ჩვენ მოქალაქეებს და იქ ძალიან ისეთი ზღვარი გვაქვს დასაცავი, როდესაც თქვენ მთხოვთ მე, რომ რაღაც ფაქტებსა და რისკებზე ხმამაღლა ვილაპარაკო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
კირცხალიას განმარტებით, სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს, თუ რა ბედი ეწევა სუროგაციის შედეგად მის ტერიტორიაზე გაჩენილ ბავშვს, ვინაიდან ქვეყნები, სადაც ამ გზით დაბადებული ბავშვები გადიან, შეზღუდული არ არის.
მისივე თქმით, 98 პროცენტი უცხოეთის მოქალაქეა, ვინც სუროგაციის სერვისით საქართველოში სარგებლობს, ხოლო საკუთარ მოქალაქეებს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ დედობისა და მშობლობის უფლების დაცვის მხრივ.
„როდესაც ვმსჯელობთ ტრეფიკინგზე და ამის რისკზე, რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვაკეთებთ ამას, მაგრამ ძალიან გთხოვთ აქ ნუ მათქმევინებთ, რა ფაქტები ვიცით, მაგრამ ერთს გეტყვით და ძალიან მარტივი გასაგები იქნება, დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც, საზოგადოებისთვისაც: ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნები არ არის შეზღუდული, სად გადიან, მარტივად ჩვენს სახელმწიფოში ხდება ეს ყველაფერი, ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნულოვანიკონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე, სად მიდის. მოდი, ამით ამოვწუროთ ეს საკითხი. გიდასტურებთ, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტი ჩვენთვის ცნობილია.
რაც შეეხება რისკებს, პატარა სტატისტიკას მოგიყვანთ აქაც: ზუსტ რიცხვებზე აუცილებლად ვილაპარაკებთ, როდესაც კომერციალიზაციაზე ვმსჯელობთ ამ თემის - ავიღოთ 100%-იან ჭრილში ის მოვლენები, რომლებიც ვითარდება ამ სფეროში: 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით. სადღაც 2% დაახლოებით არის საქართველოს მოქალაქე და სრულიად ლეგიტიმურია თუნდაც იმ 2%-ის კითხვა, რომელმაც შეიძლება ვეღარ ისარგებლოს [სუროგაციით]. მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ - ასე ნუ დამაკონკრეტებინეთ — რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ყველანაირი გზით.
მაგრამ როდესაც ასეთ რისკებზე გვაქვს ლაპარაკი და როდესაც ახლა რიცხვები მოგიყვანეთ - 98 პროცენტის 2-თან შედარება, დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ის საზოგადოება ვართ, ის ქვეყანა ვართ, იმ მენტალობის ქვეყანა ვართ, იმ რწმენის ქვეყანა ვართ და იმ შეხედულების ქვეყანა ვართ, რომ ის 2%-იც თუ პროცენტნახევარიც ძალიან გაგებით მოეკიდება იმ ძალიან დიდ რისკებს, რომელი რისკებიც ჩვენ აქ ჩამოვთვალეთ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.





