სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია „კოდექს ალიმენტარიუსის“ კომისიის მუშაობაში მონაწილეობს
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სკოტდეილში იმყოფება.
სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან — პაატა ქურდაძესთან, მაკა შუბლაძესთან და ზურაბ ზურაშვილთან ერთად, „კოდექს ალიმენტარიუსის“ (Codex Alimentarius) კომისიის 56-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს.
აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების უმნიშვნელოვანეს პლატფორმას, რომელიც 188 წევრ ქვეყანას აერთიანებს.
სესიაზე ახალ ინიციატივებსა და ისეთ ძირითად საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა: სურსათში ვირუსების კონტროლის მიზნით სურსათის ჰიგიენის ზოგადი პრინციპების სახელმძღვანელოში არსებული მითითებების გადახედვა; ზღვის პროდუქტებში პათოგენური სახეობების კონტროლის ახალი მიდგომები; „კოდექს ალიმენტარიუსის“ სურსათის ჰიგიენის კომიტეტის მიერ შემუშავებული დოკუმენტების შესაბამისობაში მოყვანა სურსათის ჰიგიენის განახლებულ ზოგად პრინციპებთან.
სააგენტოს დელეგაციის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ფორუმებში ჩართულობა ხელს უწყობს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სისტემის სრულყოფასა და ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციას.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.





