თბილისის ვიცე-მერი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე 10-სართულიანი შენობის აშენება იგეგმება: არანაირი პროექტის განხილვა და არანაირი ვიზუალური მხარის განხილვა თბილისის მერიაში არ ყოფილა და ვერც იქნება
საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე
ვიდეო/კადრი
თბილისის ვიცე-მერი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე 10-სართულიანი შენობის აშენება იგეგმება.
როგორც „დღის ქრონიკასთან“ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ასეთ პროექტზე საუბარიც კი არ ყოფილა.
„არანაირი პროექტის განხილვა და არანაირი ვიზუალური მხარის განხილვა თბილისის მერიაში არ ყოფილა და ვერც იქნება. ვერც ფუნქციური ზონის ცვლილებას ვერ განიხილავს თბილისის მერია ასეთ ისტორიულ და მნიშვნელოვან ადგილას ვიზუალური და პროექტის არარსებობის შემთხვევაში. ეს ყველაფერი არ შეესაბამება სიმართლეს და მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, რომ გამორიცხულია ასეთი პროექტები იქნეს შეთანხმებული საზოგადოებრივი განხილვის გარეშე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მისი თქმით, თუკი სამომავლოდ აღნიშნულ ტერიტორიაზე იქნება რაიმე სახის პროექტის შემოთავაზება, მერია მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რომლითაც თბილისში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესები იქნება დაცული.





