რესტორატორი ნინო კილტავა: ძალიან მიხარია, რომ სან სებასტიანის გასტრონომიკაზე საქართველო მოწვეული ქვეყანაა - აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ ქართული გასტრონომია არის მრავალფეროვანი, მდიდარი, თანამედროვე და განვითარებადი კულტურა
საზოგადოება

ნინო კილტავა
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ეს ქვეყანას ძალიან დიდ შესაძლებლობას აძლევს, რომ მაღალგასტრონომიულ სივრცეში თავი დაიმკვიდროს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ რესტორატორმა, „ნუნუკას“ დამფუძნებელმა ნინო კილტავამ სან სებასტიანის გასტრონომიკა 2026-ის შესახებ, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით პირველად მონაწილეობდა.
რესტორატორი, რომლის დაფუძნებული რესტორნებიდან ესპანელებმა ქართული გემო შეიყვარეს, მიიჩნევს, რომ ადამიანებისთვის ქართული გასტრონომიის მრავალფეროვნების გაცნობა აუცილებელია.
„ძალიან მიხარია, რომ სან სებასტიანის გასტრონომიკაზე საქართველო მოწვეული ქვეყანაა. ეს ქვეყანას ძალიან დიდ შესაძლებლობას აძლევს, რომ მაღალგასტრონომიულ სივრცეში თავი დაიმკვიდროს და დიდმა შეფებმა, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას კონგრესზე, შეაფასონ და დააფასონ ჩვენი სამზარეულო. აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ ქართული გასტრონომია არის მრავალფეროვანი, მდიდარი, თანამედროვე და განვითარებადი კულტურა. დღეს ჩვენმა შეფებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ, ძალიან კარგად წარმოაჩინეს ქვეყანა, გასტრონომია”, - ამბობს ქართველი რესტორატორი.
მადრიდში მის რესტორნებს არა მხოლოდ ადგილობრივები, გასტრონომიკის მონაწილე მაღალი კლასის შეფ მზარეულებიც ხშირად სტუმრობენ ქართული კერძებისთვის - რესტორანი „ნუნუკა“ უკვე ოთხი წელია, ზედიზედ პრესტიჟულ „მიშელინ გაიდ“-ში ადგილს თამამად იკავებს.
„რა თქმა უნდა, როცა ესპანელი სტუმარი ჩვენს სივრცეებს სტუმრობს ან ნებისმიერ ადგილს, სადაც შეუძლია, დააგემოვნოს ქართული გემოები, ამ გამოცდილებასთან ერთად იღებს ჩვენს სტუმარ-მასპინძლობას, რაც სამუდამოდ ამახსოვრდებათ - როდესაც ჩვენი სივრცეებიდან გადიან, და ქართველებთან აქვთ შეხება, აუცილებლად უჩნდებათ სურვილი, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ”, - უთხრა ნინო კილტავამ „იმედის კვირას“.





