ქართული ენის სწავლის მსურველთათვის ახალი სასწავლო რესურსი შეიქმნა
საზოგადოება

ფოტო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა“ ფარგლებში შეიქმნა ახალი ელექტრონული სასწავლო რესურსი „ათინათი“. რესურსი განკუთვნილია არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული პირებისთვის.
იგი მოიცავს ოთხი დონის - საანბანე, A1, A2 და B1 სახელმძღვანელოებს, ასევე თითოეული დონის სამუშაო რვეულს. წარმოდგენილი რესურსი ეფუძნება სწავლების თანამედროვე, კომუნიკაციურ და პრაქტიკულ მიდგომებს. რესურსის მიზანია ქართული ენის სწავლების პროცესის თანმიმდევრულად და ინტერაქტიულად წარმართვა, შემსწავლელთა საკომუნიკაციო უნარების განვითარება და მიღებული ცოდნის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების ხელშეწყობა.
მასში გაერთიანებულია ენობრივი კომპეტენციის ისეთი ძირითადი მიმართულებები, როგორებიცაა მოსმენა, კითხვა, საუბარი და წერა, ასევე ლექსიკისა და გრამატიკის შესწავლა. სასწავლო რესურსში მოცემული მრავალფეროვანი რუბრიკები და პრაქტიკული დავალებები შემსწავლელს დაეხმარება ახალი მასალის გააზრებაში, ცოდნის განმტკიცებასა და რეალურ საკომუნიკაციო სიტუაციებში გამოყენებაში. ოთხდონიანი ელექტრონული სასწავლო რესურსი „ათინათი“ ხელმისაწვდომია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული სერვისებისა და რესურსების პორტალზე „განათლების E-სახლი“: https://educationhouse.ge/




