გიორგი ცაგარეიშვილი: 19 ოქტომბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებული იუსტიციის სახლების მეშვობით, ელექტრონული ფორმით, მივიღებთ განაცხადებს. დავიწყებთ მათ დამუშავებას და დევნილებისთვის კომპენსაცია გაიცემა განაცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვით
საზოგადოება

გიორგი ცაგარეიშვილი
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
ჩვენ უკვე 19 ოქტომბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებული იუსტიციის სახლების მეშვობით, ელექტრონული ფორმით, მივიღებთ განაცხადებს. დავიწყებთ მათ დამუშავებას და დევნილებისთვის კომპენსაცია გაიცემა განაცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, იყვნენ დევნილები, რომლებსაც არ მიუღიათ კომპენსაცია და არ უსარგებლიათ რაიმე სახის პროგრამებით.
„ჩვენ გადავწყვიტეთ იმგვარი პროგრამის შემუშავება, მოფიქრება და დანერგვა, რომელიც გასწვდებოდა ყველას, განურჩევლად იმისა, მათ აქამდე ჰქონდათ შეძენილი საკუთრება, თუ საერთოდ არ ჰქონდათ მიღებული სახელმწიფოსგან რაიმე, ბინა, სოფლად სახლი ან სხვა რაიმე“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, კომპენსაცია ეკუთვნის იმ დევნილ მოქალაქეს, რომელსაც ბოლო 35 წლის განმავლობაში რაიმე სარგებელი არ მიუღია.
„ორი ამოსავალი პრინციპია - შენ არ უნდა გქონდეს მიღებული სარგებელი და შენ უნდა იყო დევნილი. სხვა კრიტერიუმი ჩვენ გამოვრიცხეთ, რათა ამ პროგრამის განხორციელება სწრაფად მომხდარიყო, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერები მოგვეხსნა კომპენსაციის მიღების გზაზე. ვფიქრობ, ეს შეძლო მინისტრის ბრძანებამ, რომელიც გუშინ შევიდა ძალაში და ჩვენ უკვე 19 ოქტომბრიდან, 09:00 საათიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებული იუსტიციის სახლების მეშვეობით, ელექტრონული ფორმით, მივიღებთ განაცხადებს. დავიწყებთ მათ დამუშავებას და კომპენსაცია გაიცემა განაცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვით“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, ამ მიზნით მთავრობის მიერ 58 მლნ ლარია გამოყოფილი. შესაბამისად, რიგითობის მიხედვით დაკმაყოფილდება განაცხადები, სანამ თანხა არ ამოიწურება.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ განაცხადების მიღება 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. დაახლოებით, 17 დეკემბრიდან კი დაიწყება კომპენსაციების გაცემა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გარდა სახლებით და ბინებით დაკმაყოფილებისა, ხელისუფლება დევნილ ოჯახებს ფულად კომპენსაციებს სთავაზობს.





