კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საზოგადოება

კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, გათვალისწინებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებაც.
„ყველგან, სადაც რეაბილიტაციის მიზნით შევდივართ, პირველ რიგში, მიწის ქვემოთ არსებულ ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი. ასევე მოწესრიგდება საფეხმავლო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარე განათების ქსელი და გრუნტის დამჭერი მონოლითური კედლები“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, კერძოდ, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდება.





