საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ახალი ცენტრი ქუთაისში გაიხსნა
საზოგადოება
ფოტო: საქპატენტი
ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის მე-4 სართული საქპატენტს 2024 წელს გადაეცა და კომპლექსური სარემონტო სამუშაოების შემდეგ მოეწყო აუდიტორიები, არქივი, ბიბლიოთეკა და საგამომცემლო-პოლიგრაფიული ბაზა, ცენტრში ასევე არის სპეციალური საგამოცდო სივრცე. ქუთაისში ცენტრის გახსნა და მისი შესაძლებლობების გაფართოება საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროექტის ნაწილია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ილია შამუგიამ. გახსნის ცერემონიაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. მან ახალი სივრცის გახსნას უწყების ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა, რაც საქპატენტს შესაძლებლობას მისცემს გააფართოოს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პროფესიული განათლებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ცენტრის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბებას.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი, WIPO-ს აკადემიის დირექტორი ჰონგბინგ ჩენი, ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) კომისრის მოადგილე რუი ვენბიაო და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) აკადემიის დირექტორი პროფესიული სერტიფიცირებისა და სასწავლო პარტნიორობის დარგში ხავიერ სეუბა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, უცხოური ინტელექტუალური საკუთრების უწყებების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ახალი სივრცე მნიშვნელოვნად გააფართოებს ცენტრის შესაძლებლობებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. განათლების მიღების, პროფესიული განვითარების, ცოდნის გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ცენტრში უკვე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება, წინასაგამოცდო მოსამზადებელი კურსის გავლა სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობითა და ევროპის საპატენტო უწყების მხარდაჭერით. ცენტრი უმასპინძლებს კონფერენციებს, ტრენინგებს, სემინარებს. სივრცე დაეთმობა საჯარო ლექციებს, საზაფხულო და ზამთრის სკოლებს.
ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.




