დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, ეს დღეები ძალიან მაგონებდა პატრიარქის გარდაცვალების დღეებს, როდესაც მთელი ერი გაერთიანდა და ერთმანეთის ჭირისუფალი იყო
საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
9 აპრილის მემორიალთან ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გაესაუბრა. მან აღნიშნა, რომ მემორიალთან 37 წლის წინ დაღუპულთა და ილია მეორის სულები მოიხსენიეს.
„1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. ეს წლები წარუშლელია მათთვის, ვინც იმ დღეებს შევესწარით. ეს დღეები ძალიან მაგონებდა პატრიარქის გარდაცვალების დღეებს, როდესაც მთელი ერი გაერთიანდა და ერთმანეთის ჭირისუფალი იყო. თან იყო მწუხარება, მაგრამ იყო პატრიარქის დანატოვარი ძალიან დიდი იმედი, რომ პატრიარქის მიერ დაწყებული მიზნები იქნებოდა მიღწეული ერთობით და სიყვარულით.
დღეს პანაშვიდზე მოვიხსენიეთ გარდაცვლილების სულები, რომლებიც 37 წლის წინ, 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაიცვალნენ და ასევე კათოლიკოს-პატრიარქის სული. დღეს არის დიდი ხუთშაბათი და ეს ლოცვითი დღეები კვლავ განგვაწყობს ლოცვისთვის და იმ სიღრმის გააზრებისთვის, რასაც ნიშნავს დღევანდელი დღე და ასევე წინ გვაქვს, აღდგომამდე კიდევ მსახურებები და მნიშვნელოვანი დღეები, რომელიც ქრისტიანმა უნდა გაიაზროს. ასე რომ მთავარი ყურადღება ამაზე გვაქვს ახლა ეკლესიას“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ მომავალში საპატრიარქოს კვლავ ექნება კომუნიკაცია ხელისუფლებასთან აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების შესახებ.
„ეს ხალხი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან. ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია, ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ“, - აღნიშნა მან.
მან ასევე სააღდგომო ეპისტოლეზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ წელს მას სავარაუდოდ მოსაყდრე შიო დაწერს.





