მიხეილ სარჯველაძე: კონსილიუმზე ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. ასაკის, მდგომარეობის გათვალისწინებით ბევრი რამ დამოკიდებულია ორგანიზმზე
საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კონსილიუმზე გაანალიზდა პატრიარქის არსებული კლინიკური მდგომარეობა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პროცესებზე დინამიკაში დაკვირვება არის მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრი რამ ილია მეორის ორგანიზმზე და ასაკზეა დამოკიდებული.
„შეფასდა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა. ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. სხვა ალტერნატივა ამ წუთას რეალურად არ არსებობს. თავს შევიკავებ რაიმე ფორმულირებების მოძებნისგან. რა თქმა უნდა, ყველანი უკმაყოფილონი ვართ არსებული მდგომარეობით, ყველას გვაქვს მეტისა და უკეთესის მოლოდინი და სურვილი. ამისთვის უნდა გავაკეთოთ უკლებლივ ყველაფერი. სხვას არაფერს ამაზე მეტად მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება კონსილიუმზე გამოკვეთილ რჩევებსა და მოსაზრებებს, უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში. ახლა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია, ასაკის და მდგომარეობის გათვალისწინებით, თვითონ ორგანიზმზე“, - განაცხადა მინისტრმა.
სარჯველაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისი პასუხისმგებლობაა, პატრიარქის მკურნალობის პროცესს არაფერი დააკლდეს.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.





