დავით კუბლაშვილი სოფელ კურსებში არსებულ ვითარებაზე: სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები გრძელდება, ადგილზე რჩება საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს
საზოგადოება

დავით კუბლაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები გრძელდება, ადგილზე რჩება საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს, - განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტერიტორიის მონიტორინგს ახორციელებს.
„გეოლოგიური სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, ისინი აქტიურად არიან ჩართული პროცესებში. ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ ევაკუირებულ მოსახლეობასთან, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მათთან შეხვედრები და ადგილზე ვაცნობთ განახლებულ ინფორმაციას“, - აღნიშნა დავით კუბლაშვილმა.
მეწყრული პროცესები სოფელ კურსებში 12 მარტს დაიწყო და ზოგიერთ ადგილზე მეწყერი პერიოდულად აქტიურდება. მასშტაბი არ გაზრდილა, თუმცა ხელისუფლება ელოდება სპეციალისტების დასკვნასა და რეკომენდაციებს. სტიქიამ 15 სახლი დაანგრია. დააზიანა გზა და სოფლის სასაფლაო. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე გადაადგილება აკრძალულია.





