ლაშა გეგეჭკორი: მიღებულია გადაწყვეტილება მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის რეგიონული ცენტრების მშენებლობის დაწყების შესახებ - მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ სახელმწიფო პროგრამის საწინააღმდეგო ქმედებებისგან
საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი
ფოტო: Facebook
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის N 412 განკარგულების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
იგი მოუწოდებს გარკვეულ პირებს, თავი შეიკავონ სახელმწიფო პროგრამის საწინააღმდეგო ქმედებებისგან.
„საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის N 412 განკარგულებით დამტკიცებული „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის” მიხედვით:
მიღებულია გადაწყვეტილება, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, მიუსაფარ ცხოველთა (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის რეგიონული ცენტრების (თავშესაფარი) მშენებლობის დაწყების შესახებ.
თავშესაფრების მშენებლობას განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო.
მე კარგად მახსოვს, თუ რა წინააღმდეგობას ვაწყდებოდით ცხოველთა უფლებების ზოგიერთი „დამცველების” მხრიდან, 2018-2019 წლებში, კახეთში და შიდა ქართლში ანალოგიური ცენტრების კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ.
მავანნი, წინასწარ, უარგუმენტოდ აცხადებდნენ, რომ ეს ცენტრები გახდებოდა ცხოველთა სასაკლაო.
ოპერირების დაწყების შემდეგ ამ ადამიანებმა, მიუხედავად მათი მხრიდან მრავალი ბრალდებისა, ვერ წარმოადგინეს ცხოველთა დახოცვის ვერც ერთი ფაქტი. ეს არ დადასტურდა არც სხვადასხვა ინსტანციაში დაწყებული გამოძიებით და გეგმიური, თუ არაგეგმიური სახელმწიფო კონტროლით.
ჰუმანური გზით-სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების მეთოდით მიუსაფარ ცხოველთა რეპროდუქციის შეწყვეტის წინააღმდეგი არ არის ცხოველთამოყვარული და მათი უფლებების დამცველი.
ასეთი ადამიანი არის მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლით არაჯანსაღად, ფინანსურად დაინტერესებული პირი და მათი ადგილი არ არის ამ სფეროში.
მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ სახელმწიფო პროგრამის საწინააღმდეგო ქმედებებისგან. სხვა შემთხვევაში კი, გირჩევთ, წინასწარ, პრევენციის მიზნით, გადაიკითხოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლი საბოტაჟის შესახებ“, - ნათქვამია ლაშა გეგეჭკორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





