გივი მიქანაძე: განისაზღვრება შესაბამისი კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება კონკურსი და შეირჩევიან ის პროფესორები, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებებს და დარგებს უნივერსიტეტის ფორმატში უხელმძღვანელებენ
საზოგადოება

გივი მიქანაძე
ფოტო: განათლების სამინისტრო
ეს არის სიახლე, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ კონცეფციის სამუშაო ვერსიის წარდგენის დროს საზოგადოებას ვაუწყეთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წამყვანი პროფესორის შერჩევაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მოხდება დროებითი მმართველი ორგანოს მიერ შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება კონკურსი და შეირჩევიან ის პროფესორები, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებებსა და დარგებს უნივერსიტეტის ფორმატში უხელმძღვანელებენ.
„ეს არის კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დარგის ძალიან მაღალი კვალიფიკაცია და ცოდნა. რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება დროებითი მმართველი ორგანოს მიერ შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება კონკურსი და ამ კონკურსის საფუძველზე გვექნება შესაძლებლობა, რომ შევარჩიოთ ის პროფესორები, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებებს და დარგებს უნივერსიტეტის ფორმატში უხელმძღვანელებენ.
ეს პროცესი დაიწყება თსუ-ში და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავაკვირდეთ ამ პროცესს და ვნახავთ, რომ ის ადამიანები, რომელთა შერჩევაც უნდა მოხდეს ღია, საჯარო კონკურსის საფუძველზე, აქცენტი გაკეთებული იქნება უნივერსიტეტში მათ კომპეტენციაზე, გამოცდილებაზე, კეთილსინდისიერებასა და სრულ ინტეგრაციაზე.
ჩვენთვის ძალიან ღირებულია, რომ იმ პროფესორებმა, რომლებიც ამ პოზიციაზე იქნებიან შერჩეული, მთელი თავისი ჩართულობა უნდა უზრუნველყონ მხოლოდ ამ უნივერსიტეტში. ჩვენ გვაქვს განზრახული, რომ მათი შერჩევის შემდეგ განვუსაზღვროთ ის მაღალანაზღაურებადი ხელფასები, რომელზეც წინასწარ ანონსი გავაკეთეთ და ამ ადამიანებს არ ჰქონდეთ საჭიროება, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩაერთონ, რადგან მათ მთელი თავისი დრო მოახმარონ თავიანთ აკადემიურ საქმიანობას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.





