კობა კობალაძე პატრიარქს: „მე არ წავალ ამ ქვეყნიდან ისე, რომ არ ვნახო გამთლიანებული საქართველოო“, - ერთხელ ბრძანეთ. დაე, ინებოს უფალმა, თქვენი და ჩვენი ყველაზე სანუკვარი ნატვრის ასრულება და მოგვასწროს გაერთიანებულ და ძლიერ ქვეყანას
საზოგადოება

ფოტო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ,
უდიდესი სიყვარულით გილოცავთ 93 წლის იუბილეს და გისურვებთ დღეგრძელობას, მზეგრძელობას, მხნეობას და ჩვენი ერის სულიერ და ფიზიკურ სიძლიერეს!
ჩემთან ერთად, ხორციელად შობის დღეს გილოცავენ ჩვენი ქვეყნის ვეტერანები, რომელთა მიმართაც მამაშვილურ სიყვარულს, ნუგეშსა და ლოცვას არ იშურებთ, სიყვარულით ავსებთ და აძლიერებთ!
ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე გაწეულ თქვენს განუზომელ ღვაწლსა და ამაგს ვერც ერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს; თქვენი სიბრძნითა და გონიერებით, მოთმინებით, დიდსულოვნებითა და მიტევების უდიდესი უნარით თითოეულ ჩვენგანს გვაძლევთ ერისკაცობის, სიკეთისა და სიყვარულის მაგალითს!
„მე არ წავალ ამ ქვეყნიდან ისე, რომ არ ვნახო გამთლიანებული საქართველოო“, -ერთხელ ბრძანეთ. დაე, ინებოს უფალმა, თქვენი და ჩვენი ყველაზე სანუკვარი ნატვრის ასრულება და მოგვასწროს გაერთიანებულ და ძლიერ ქვეყანას, რისთვისაც დღენიადაგ ლოცულობთ და იღწვით!
მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე, უნეტარესო!“, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის უწმინდესისადმი მისალოც ტექსტში.





