შოთა ბერეკაშვილი პრემიერის ინიციატივაზე: ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც მოთამაშეებს შორის ურთიერთობები იქნება დაბალანსებული და იქნება მაღალი კონკურენცია. ეს ხელს შეუწყობს ფასების ფორმირებას
საზოგადოება

შოთა ბერეკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი გამოეხმაურა სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით პრემიერის ვიდეომიმართვას. როგორც დეპუტატმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, ხელისუფლების მიზანია შეიქმნას კონკურენტული გარემო, რაც ხელს შეუწყობს ფასების ფორმირებას.
„გარემოება, რომ საბაზისო სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები საქართველოში მნიშვნელოვნად აღემატება ევროპული ბაზრების დონეს, მიუთითებს იმაზე, რომ PMCG-ის სექტორში არსებობს სტრუქტურული პრობლემები და განსაკუთრებით ფასწარმოქმნის ჯაჭვის ნაწილში. ჩვენი მიზანი არის, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც მოთამაშეებს შორის ურთიერთობები იქნება დაბალანსებული და იქნება მაღალი კონკურენცია. ეს კარგია იმიტომ, რომ მაღალი კონკურენცია ხელს შეუწყობს ფასების ფორმირებას და უფრო კონკურენტული ფასის მიწოდებას მომხმარებლისთვის“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“, - აღნიშნავს პრემიერი.





