ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ელდარ მდინარაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - ქართული კულტურისა და ხელოვნების ერთგულ მოამაგეს საზოგადოება უკანასკნელ გზაზე აცილებს
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ქართული კულტურისა და ხელოვნების ერთგულ მოამაგეს, ელდარ მდინარაძეს, უკანასკნელ გზაზე ოზურგეთის საკათედრო ტაძრიდან გააცილებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ელდარ მდინარაძემ ქართული დოკუმენტური კინო მნიშვნელოვანი ეპოქალური ნამუშევრებით გაამდიდრა. მისმა ნამუშევრებმა კი არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. არის 70-მდე სატელევიზიო ფილმის პროდიუსერი.
ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე 11 ნოემბერს გარდაიცვალა.
ელდარ მდინარაძემ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1973 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ს. ჩხაიძის და რ. ხოტივარის სახელოსნო) 1982 წელს.
სხვადასხვა სტუდიაში თავისივე სცენარით გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „ჩვენი შემოღობილი“, „რეპორტაჟი სნოდან“ (ნოველა სერიალიდან „სამამულო რქა“, ნ. ყიფიანთან ერთად), „თემის მარცვალი“, „საიდუმლო“ (მიტროფანე ლაღიძეზე, 1987), „იორამი“ (1988). ეწეოდა საპროდიუსერო საქმიანობას. მუშაობდა ტელეკომპანია „მე-9 არხზე“. იყო ტელეკომპანია „მზის“ გენერალური დირექტორი (2003-2005წწ.), პროდიუსერი 70-მდე სატელევიზიო ფილმისა, ანიმაციური ფილმისა „გავარდნილები“(დ. სიხარულიძე, 2008). მიღებული აქვს კინო ფესტივალ „ამირანის“ პრიზი ფილმისთვის „ჩემი შემოღობილი“ (1980), დებიუტების პირველი საკავშირო კინოფესტივალის პრიზი - საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის (1986). კინორეჟისორი, პროდიუსერი.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ელდარ მდინარაძეს ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.





