დღეს საზოგადოება ქართული კულტურისა და ხელოვნების ერთგულ მოამაგეს ელდარ მდინარაძეს უკანასკნელ გზაზე გააცილებს
საზოგადოება

ელდარ მდინარაძე
ფოტო: Facebook
დღეს საზოგადოება ქართული კულტურისა და ხელოვნების ერთგულ მოამაგეს - ელდარ მდინარაძეს უკანასკნელ გზაზე გააცილებს. მას მშობლიურ ოზურგეთში დაკრძალავენ.
ელდარ მდინარაძის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქართული ტელევიზიისა და კინემატოგრაფიისთვის. ის იყო არა მხოლოდ გამორჩეული კინორეჟისორი, დოკუმენტალისტი და ჩვენი ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელი, არამედ ქართული კულტურის უდიდესი მოამაგე. მან ქართული დოკუმენტური კინო მნიშვნელოვანი ეპოქალური ნამუშევრებით გაამდიდრა. ელდარ მდინარაძის ნამუშევრებმა არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა.
ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
„იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე 11 ნოემბერს გარდაიცვალა.
ელდარ მდინარაძემ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1973 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ს. ჩხაიძის და რ. ხოტივარის სახელოსნო) 1982 წელს.
სხვადასხვა სტუდიაში თავისივე სცენარით გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „ჩვენი შემოღობილი“, „რეპორტაჟი სნოდან“ (ნოველა სერიალიდან „სამამულო რქა“, ნ. ყიფიანთან ერთად), „თემის მარცვალი“, „საიდუმლო“ (მიტროფანე ლაღიძეზე, 1987), „იორამი“ (1988). ეწეოდა საპროდიუსერო საქმიანობას. მუშაობდა ტელეკომპანია „მე-9 არხზე“. იყო ტელეკომპანია „მზის“ გენერალური დირექტორი (2003-2005წწ.), პროდიუსერი 70-მდე სატელევიზიო ფილმისა, ანიმაციური ფილმისა „გავარდნილები“(დ. სიხარულიძე, 2008). მიღებული აქვს კინო ფესტივალ „ამირანის“ პრიზი ფილმისთვის „ჩემი შემოღობილი“ (1980), დებიუტების პირველი საკავშირო კინოფესტივალის პრიზი - საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის (1986). კინორეჟისორი, პროდიუსერი.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ელდარ მდინარაძეს ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.





