განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევა: ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის სწავლის სურვილი მაღალია
საზოგადოება

ფოტო: მანჩი გაბელია
ამ წუთებში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. საკითხი ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას ეხება.
8-თვიანი კვლევა საპარლამენტო ჯგუფმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჩაატარა და რეკომენდაციები შეიმუშავა.
მოკვლევის ფარგლებში, ბევრი საკითხი გამოიკვეთა სახელმწიფო ენის სტატუსთან, ფუნქციონირებასა და განვითარებასთან მიმართებით.
„ამ კუთხით, აღსანიშნავია შეუსაბამობები საქართველოს კანონებსა და რეალურ ქმედებებს შორის. კანონი ზოგადი განათლების შესახებ, კერძოდ, მისი მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი, ადგენს, რომ საზოგადოებრივი მეცნიერებები არაქართულენოვან სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ქართულად. თუმცა, რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნა შესაბამისი მიმართულების სახელმძღვანელოები. სახელმწიფო ენის არასაკმარის ფლობაზე მიუთითებს მოკვლევის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია ადრეულ, სკოლამდელ და ზოგად განათლებაზე, რაც აიხსნება მონოლინგვური კონტექსტით, კვალიფიციურ მასწავლებელთა დეფიციტითა და არასათანადო რესურსებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
მოკვლევის ფარგლებში, არაერთხელ გაჟღერდა არაფორმალური და კლასგარეშე აქტივობების მნიშვნელობა სახელმწიფო ენის ათვისებასა და სამოქალაქო ინტეგრაციაში.
„მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო ახორციელებს ამ ტიპის პროგრამებს, ინიციატივები არ არის საკმარისი და ვერ ფარავს იმ რაოდენობის ბენეფიციარს, რომ გავლენა იქონიოს სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებაზე. სახელმწიფო ენის სწავლის სურვილი მაღალია, რასაც ადასტურებს ეთნიკურ უმცირესობათა მიერ ბავშვების ქართულენოვან სკოლაში შეყვანის მზარდი ტენდენცია, თუმცა, მოკვლევის მიხედვით, ხშირად, მოსწავლეები ვერ ახერხებენ მათთვის უცხო ენაზე სწავლას და მშობლები იძულებულნი არიან, განათლების მიღება მშობლიურ ენაზე გააგრძელებინონ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.





