პატრიარქი ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვას აღავლენს
საზოგადოება

ილია მეორე
ფოტო: Facebook
ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოავლინა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა.
მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან, რომელსაც მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილები 1087 წელს გადაასვენეს.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისთვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.
ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.





