სამგორის გამგებელი აფრიკის დასახლების მოსახლეობას შეხვდა
საზოგადოება

კახა სამხარაძე
ფოტო: IMEDI
ისანი-სამგორის რაიონის გამგეობასთან აფრიკის დასახლების მცხოვრებლები შეიკრიბნენ და აქციაზე საკუთარი მოთხოვნები წარადგინეს. მოსახლეობის ნაწილი გუშინ რაიონში განხორციელებული დემონტაჟის გამო წუხს და ეჭვს გამოთქვამს, რომ ანალოგიური საფრთხე მათ საცხოვრებლებსაც დაემუქრება. აქციის მონაწილეობს სამგორის გამგებელი, კახა სამხარაძე შეხვდა.
ისინი გუშინ დაკავებული ახალგაზრდის გათავისუფლებას ითხოვნდენ, თუმცა გამგებელმა განმარტა, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის. ამასთან, გამგებელმა მათ ასევე აუხსნა, რომ დახმარების მისაღებად მსურველებმა შესაბამის ორგანოებს ინდივიდუალურად უნდა მიმართონ. აქციას, გუშინ დემონტირებული 12 შენობის მხოლოდ 1 მფლობელი ესწრებოდა.
„ადამიანს, ვინც არის სოციალურ გაჭირვებული და სახელმწიფოს და გამგეობის მხრიდან დახმარება სჭირდება, ინდივიდუალურად განცხადება შემოაქვს. ამ განცხადების განხილვის საფუძველზე ჩვენ ვუწევთ დახმარებას. თბილისში ხომ უნდა იყოს ადამიანი ჩაწერილი რომელიღაც რაიონში, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი დაეხმაროს. თუ არის რაიონში ჩაწერილი, მაშინ თავის რაიონს უნდა მიმართოს“, - განმარტა სამხარაძემ.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. მერიაში განმარტავენ, რომ არცერთი ნაგებობა არ იყო დასრულებული და რა თქმა უნდა, მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ.





