თამარ გაბუნია: პაციენტები, რომელთაც სჭირდებათ ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ამ სერვისს უფასოდ მიიღებენ
საზოგადოება

თამარ გაბუნია
ფოტო: IMEDI ვიდეო/კადრი
1-ელ სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. პაციენტებს, რომელთაც სჭირდებათ ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება, შესაძლებლობა ექნებათ, ეს სერვისი მიიღონ სრულიად უფასოდ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე
ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და წლიური ლიმიტი იზრდება.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არის ბაზისური პაკეტით მოსარგებლე ჯგუფი, რომელთათვისაც შეღავათიანი პაკეტი შეადგენდა 12 ათას ლარს. არის კიდევ მეორე ჯგუფი, რომელიც შედარებით გაფართოებულ პაკეტს ფლობს, რომელშიც შედიოდნენ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ასევე მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სტუდენტები, მათთვის ჰორმონოთერაპიის, ქომიოთერაპიის და სხივური თერაპიის განსაზღვრული თანხის რაოდენობა შეადგენდა 15 ათას ლარს. დღევანდელი ცვლილებით 8 ათასი ლარი ემატება ორივე საბაზისო პაკეტს. თანხის მოცულობა ერთ შემთხვევაში იზრდება 20 ათას ლარამდე, ხოლო მეორე შემთხვევში 23 ათას ლარამდე. ეს ითვალისწინებს ქიმიო, სხივური და ჰორმონოთერაპიის, სიმსივნური მედიკამენტების სამი ჯგუფის და სულ არის 21 დასახელების მედიკამენტი, რომელიც აქამდე პროგრამაში არ ყოფილა, სრულად დაფარვას“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, პროგრამების დაფინანსება მოხდება მარტივად, ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, რაც იმ 38 ათასი პაციენტისთვის, რომელიც ონკოლოგიური პროგრამით სარგებლობს, გარკვეული შეღავათს წარმოადგენს.





