კახა კალაძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, საცხოვრებლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასო პარკირებით 10 სექტემბრიდან ისარგებლონ
საზოგადოება

ფოტო: თბილისის მერია
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, იმისთვის, რომ საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასო პარკირებით პირველივე დღიდან ისარგებლონ, რეგისტრაცია გაიარონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საბურთალოს რაიონში 10 სექტემბერიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედდება, რა დროისთვისაც ადგილობრივებს საკუთარი ავტომობილები უკვე სისტემაში უნდა ჰყავდეთ დარეგისტრირებული.
„რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მოსახლეობამ პეკინის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მუნიციპალურ პავილიონებს უნდა მიმართონ, რომელიც რა თქმა უნდა, 10 სექტემბრის შემდეგაც განაგრძობს ფუნქციონირებას. საბურთალოს რაიონში, როგორც წინა მთავრობის სხდომაზეც აღვნიშნეთ, განთავსებულია შვიდი საინფორმაციო ჯიხური, სადაც ადგილობრივებს საშუალება აქვთ, მივიდნენ, დარეგისტრირდნენ და სისტემის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, იმისთვის, რომ საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასო პარკირებით პირველივე დღიდან ისარგებლონ, რეგისტრაციის გავლა აუცილებელია. სხვა შემთხვევაში, პარკირების საფასური ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი იქნება. პარკირება დღის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე, პირველი 15 წუთი უფასოა. ასევე, უფასოა შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. ასე რომ მოგიწოდებთ ყველას, დარეგისტრირდით და ისარგებლეთ პარკირების უფასო ადგილებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.





