წყლის დაბინძურების პრევენციის მიზნით თბილისის ზღვაზე სანიტარული დაცვის არეალები განისაზღვრა
საზოგადოება

კახა კალაძე
ფოტო: Facebook
ჰიდროლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის არეალები და ზუსტი კოორდინატებით აისახა დედაქალაქის ინტერაქტიულ რუკაზე. თითოეული დაცვის არეალში შეიზღუდა ისეთი საქმიანობა, რომელიც წყლის დაბინძურებას გამოიწვევს, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა განხორციელდა. ამ კვლევის მსგავსი აქამდე არასდროს ჩატარებულა. კვლევის მიზანი იყო თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზონების განსაზღვრა. თბილისის ზღვის ირგვლივ ძალიან ბევრი კერძო საკუთრებაა, შესაბამისად, სანიტარული განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც იცით, დედაქალაქის მოსახლეობის მესამედი სასმელი წყლით სწორედ თბილისის ზღვიდან მარაგდება.
კვლევის შედეგად, დადგინდა ზღვის სანიტარიული დაცვის არეალები და ზუსტი კოორდინატებით აისახა დედაქალაქის ინტერაქტიულ რუკაზე. თითოეული დაცვის არეალში შეიზღუდა ისეთი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს წყლის დაბინძურებას, მათ შორის, მშენებლობა, წყალარინების სისტემის თვითნებური დაერთება, ეკონომიკური საქმიანობა და ა.შ.
იცით, რომ დედაქალაქის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), რომელთან შეთანხმებითაც, სამართლებრივი აქტის პროექტი მომზადდა, რომელიც საკრებულოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება. ეს შეზღუდვები უკვე სავალდებულო გახდება ყველასთვის, ვინც თბილისის ზღვის მიმდებარედ რაიმე აქტივობის განხორციელებას გეგმავს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მსგავსი რეგულაცია თბილისს არასდროს ჰქონია და თბილისის ზღვაზე ქაოტურად ხდებოდა განაშენიანება და გარკვეული პროექტების განხორციელება, რაც წყლის დაბინძურებას იწვევდა. ჩვენი ეს ინიციატივა კი მიმართულია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფისკენ“, - განაცხადა კალაძემ.





