კახა კალაძე: თბილისში ე.წ კადეტთა კორპუსის შენობის რეაბილიტაცია დროებით შეჩერდება
საზოგადოება

ფოტო: Facebook
კადეტთა კორპუსის პროექტი დროებით იქნება შეჩერებული. ბევრ პროექტზე მოგვიწევს უარის თქმა, თუმცა მივყვებით თემას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისის მერს კითხვით მიმართეს, თუ რატომ დაიწყო მერიამ კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია კრიზისის დრო, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
„იმის გათვალისწინებით, თუ საჭირო იქნება, რომ მუნიციპალიტეტს ჩამოეჭრას გარკვეული თანხები, რომ მიმართული იყოს იმ პრიორიტეტებში, რომელიც დღეს გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ბევრი პროექტი ვერ განხორციელდება. თუმცა, თუ ამის საჭიროება არ დადგება, ჩვენ ყველა იმ პროექტს განვახორციელებთ, რომელიც წლის დასაწყისში იყო გაცხადებული“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, კადეტთა კორპუსი მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, შენობის რეაბილიტაცია დაგეგმილია.
„კადეტთა კორპუსი უმძიმეს მდგომარეობაშია, თქვენ იცით, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა გვაქვს თბილისში, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში. კადეტთა კორპუსი არის იმ მდგომარეოაში, სადაც ცხოვრება არ შეიძლება და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია, შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია და განახლება დაგეგმილია, ჩვენ ამაზე წლის დასაწყისში ვისაუბრეთ. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და როდესაც იქნება იმის საშუალება, რომ პროექტი განხორციელდეს, ეს პროექტი იქნება შესრულებული“, - განაცხადა კალაძემ.
მერიამ თაბუკაშვილის 46-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი მერიამ ზაფხულში გამოაცხადა. შენობა დაახლოებით 150 წლისაა. ის თავდაპირველად დაწყებით სამხედრო სკოლას, ხოლო შემდგომ კადეტთა კორპუსს ეკუთვნოდა. 1918 წელს კი შენობა კომუნალურ საცხოვრებლად გადაკეთდა. დღესდღეობით ეს არის მეოთხე კატეგორიის ავარიულობის შენობა, რომელსაც დაახლოებით 70 მესაკუთრე ჰყავს.




