სალომე ზურაბიშვილი: წელს სხვა ვითარებაა და ვერ მივალ აღდგომის წირვაზე
საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები აღდგომას ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ჩვენი რწმენის გამარჯვება.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა, როდესაც აღნიშნა, რომ წელს წირვაზე ვერ მივა.„სამ დღეში ბზობაა, 10 დღეში აღდგომა, მე არ მახსოვს, ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როდესაც ეკლესიაში არ მივსულვარ აღდგომის წირვაზე, ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია. თუმცა წელს სხვა ვითარებაა და ვერ მივალ ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს და საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითი არ უნდა მისცეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი ერთიანობაა.
საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





