იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების პირველი ნაკადი სამშობლოში უკვე დაბრუნდა
საზოგადოება

ფოტო: არქივი
იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების პირველი ნაკადი უკვე დაბრუნდა. თბილისის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ ჩამოსული ორი „ბოინგის“ ბორტზე საქართველოს 156 მოქალაქე იმყოფება.
მათ დახვდება სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პერსონალი. მგზავრებს აეროპორტშივე შეამოწმებენ, შემდეგ კი სპეციალური გასასვლელით თბილისსა და მის შემოგარენში მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანენ, სადაც ისინი 14 დღის განმავლობაში დარჩებიან.
10 მგზავრი არ გამოცხადდა დათქმულ დროს რომში და, სავარაუდოდ, მათი ტრანსპორტირების საკითხი მოგვიანებით გადაწყდება. შესაძლოა ისინი საქართველოში კიევის გავლით დაბრუნდნენ.
იტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების გამომგზავრებას, რომელთაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უკან დასაბრუნებელი ბილეთები გაუუქმდათ, მთავრობა უზრუნველყოფს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს კი, ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.





