ძიუდოისტის ცოლის თქმით, სპორტსმენი მას ყელის გამოჭრით ემუქრებოდა
სამართალი

თორნიკე ნაგლიაშვილი
ფოტო: km-pics.de
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრს თორნიკე ნაგლიაშვილის წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ოჯახურ ძალადობას და მუქარას ედავებიან. ევროპის სამგზის პრიზიორს მეუღლე უჩივის. სწორედ მეუღლის მიმართვის საფუძველზე დააკავეს სპორტსმენი რამდენიმე დღის წინ.
თორნიკე ნაგლიაშვილის ყოფილი მეუღლე გვანცა ფანგანი იმედოვნებს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და კანონის შესაბამისად დაისჯება ნაგლიაშვილი.
საქმე ეხება მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომელიც სპორსტმენის მეუღლემ პოლიციაში წარადგინა. გვანცა ფანგანის თქმით, ნაგლიაშვილი 5 მარტს დააკავეს მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნის გამო. მესიჯში ძიუდოისტი ცოლს ყელის გამოჭრით ემუქრებოდა.
ნაგლიაშვილს მეუღლის, გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, თუმცა ის რამდენჯერმე დაარღვია. შემაკავებელი ორდერი გასული წლის სექტემბერში ჰქონდა გამოწერილი.
ძიუდოისტის ადვოკატი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატის თქმით, ის საქმის მასალებს გაეცნო, წაიკითხა მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც, რომელიც საქმეში დევს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ მუქარის შემცველი გზავნილები მან ამ მესიჯებში ვერ ამოიკითხა. ადვოკატმა დღეს "ქრონიკას" აჩვენა განაცხადი, რომელიც მას შემდეგ რაც ძიუდოისტს პატიმრობა შეუფარდეს, მისმა ყოფილმა მეუღლემ დაწერა. განცხადებაში გვანცა ფანგანი ითხოვდა რაც შეიძლება მსუბუქი აღკვეთი ღონისძიება გამოეყენებინა სასამართლოს დაკავებული ძიუდოისტის მიმართ, თუმცა "ქრონიკასთან" ინტერვიუში ფანგანი განსხვავებულ განცხადებებს აკეთებს: "საჩივარი არ გამომიტანია, როგორც იმსახურებს, ისე დაისჯება,კანონის ფარგლებში რა თქმა უნდა. შემაკავებელი ორდერი დაარღვია და პოლიციამ აიყვანა", - ამბობს ფანგანი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ძიუდოისტს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.





