ბელა ზაქაიძე
სტრასბურგის სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით სარჩელი შევა
სამართალი

გიორგი ფანცულაია
ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა და "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა. როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, გუშინდელი აღსარების შემდეგ დეკანოზს პირველად შეხვდნენ. აღსარების დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა ისაუბრეს ზიარებაზე. ფანცულაიას თქმით, მამა გიორგიმ მამა რევაზ სიხარულიძესთან შეხვედრაზე ზიარება ითხოვა.
ადვოკატი ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძესთან ერთად დაგეგმეს შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯები, რომელთაც ჯერჯერობით არ ახმაურებენ. "ირაკლი მამალაძის გარდა, პროკურატურას კიდევ ერთი მოწმე ჰყავს, რომელიც ციანიდს ახსენებს. თუმცა მისი ჩვენება არასწორი აღმოჩნდა. გადამოწმდა დეკანოზსა და მოწმეს შორის პირადი მიმოწერა და აღმოჩნდა, რომ მამა გიორგი მამალაძე არა ციანიდზე, არამედ გველის შხამზე ესაუბრებოდა", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა ეკა ლომიძემ გიორგი მამალაძესთან პოზიციები შეათანხმა ევროსასამართლოში გასაგზავნ საჩივართან დაკავშირებით. ლომიძის თქმით, ევროსასამართლოში წარსადგენად საჩივარი მზადდება, სადაც გაუთქმელობასთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. მისი განცხადებით, ადვოკატებს გაუთქმელობის გამო მტკიცებულებების მოპოვების და გახმაურების უფლება არ ეძლევათ, რაც ბრალდებას პრივილეგირებულ სიტუაციაში აყენებს.
ევროსასამართლოში საჩივარს 5 მაისამდე, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე შეიტანენ, რომ ადვოკატებს მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა მიეცეთ.
დეკანოზ გიორგის (მამალაძე) ადვოკატებმა გაუთქმელობის პირობის მოხსნასთან დაკავშირებით
პროკურატურისგან კვლავ წერილობითი უარი მიიღეს.
დეკანოზის ადვოკატმა პროკურატურას გაუთქმელობის პირობის მოხსნის მოთხოვნით პირველად თებერვლის დასაწყისში მიმართა, თუმცა, უწყებამ მისი მოთხოვნა მაშინაც არ დააკმაყოფილა. ამავე საკითხზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ადვოკატებისთვის გაუთქმელობის პირობის არმოხსნით მხარეთა თანასწორობის პრინციპი ირღვევა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





