შსს-მ ახმეტასა და ლაგოდეხში უკანონო იარაღი ამოიღო
სამართალი
შსს-მ ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, შედეგად კი ორი პირის საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები ამოიღო. იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე კი ორი პირი დააკავა. ისინი სოფელ ბირკიანისა და სოფელ თელას მცხოვრებლები არიან.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.
ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება რ.ქ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ხოლო ა.ო.-ს მიმართ - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.





