მეზვრიშვილი: გვაქვს ეჭვი, რომ დაკავებული პირები ნაციონალურ მოძრაობასთან არიან დაკავშირებულები
სამართალი
დაკავებულები
შს მინისტრის მოადგილემ გადაცემაში „პირისპირ“ დაადასტურა, რომ საგამოძიებო ორგანოს აქვს ეჭვი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქის ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირის შესახებ.
„ეს ეჭვები ჩვენ გაგვაჩნია თვითონ ბრალდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის და გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით. ჩვენ ამ ინფორმაციებს ვამოწმებთ, დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ. როგორც კი ფაქტი დადასტურდება, საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ“, - განმარტა მეზვრიშვილმა.
2 დეკემბერს თბილისში ბატალიონ „დონბასის“ წევრები დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. მათ დღეს პატიმრობა შეეფარდათ.




