მოზარდების მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. რა კითხვებია საქმეში ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი
სამართალი

ხორავას ქუჩა, შემთხვევის ადგილი
თბილისში, ხორავს ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა.
2017 წლის 1 დეკემბრის სისხლიან გარჩევას 51-ე სკოლის ორი მოზარდი ემსხვერპლა, 16 წლის ლევან დადუნაშვილი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე, მისი თანატოლი დავით სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავა, მეორის ვინაობა გამოძიებამ დაადგინა, თუმცა ის სამართალდამცველებს რამდენიმე დღე ემალებოდა.
გამოძებამ დანაშაულის დაფარვის, შეუტყობინებლობისა და მტკიცებულებების გადამალვისთვის 5 პირი მისცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ბრალი გარჩევაში მონაწილე მ.კ-ს, მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს წაუყენეს.
მთავარი სირთულე, რის წინაშეც გამოძიება პირველსავე დღეს დადგა, მოკლულებისა და ბრალდებულების თანატოლების დუმილი იყო. პირველ დღებში 100 გამოკითხული არასრულწლოვნიდან გამოძიებასთნ მხოლოდ ოთხმა ითანამშრომლა. ერთი თვის შემდეგ სახელმწიფო ბრალდება საკუთარ პოზიციებსა და მტკიცებულებათა სანდოობაში დარწმუნებული სასამართლოს წინაშე წარსდგა. თუმცა ზუსტად 5 თვეში სასამართლომ თქვა, რომ გ. ბ-ს მიერ დავით სარალიძის მკვლელობა ვერ დასტურდებოდა, გ.ჯ-ს კი მკვლელობის ბრალდება მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.
31 მაისს გამოცხადებული განაჩენის 99-გვერდიან დასაბუთებაშის საქმის განმხილველი მოსმართლე ეკა არეშიძე წერს, რომ ვერ ირწმუნებდა ჩხუბის ერთერთი მთავარი მონაწილის მ.კ-ს ჩვენებებს, რომელიც მსჯავრდებულებს ამხელდა და ჩვენება არაერთხელ შეცვალა, სარალიძის მკვლელობის განხილვისას ის ასევე დაეყრდნო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელშიც ცალსახად ეწერა, რომ სარალიძის სასიკვდილო ჭრილობა ბრალდებულ გ.ჯ-ს დანით ვერ იქნებოდა მიყენებული.
26-გვერდიანი დასკვნა, რომელიც მხარეებმა აპრილის ბოლოს მიიღეს, აღმოჩნდა, რომ ბრალდების მხარის პოზიციას სასამართლოში ვერ ამყარებდა.
პროკურატურიდან საქმე გამოსაძიებლად შსს-მ დაიბრუნა იმის დასადგენად, სად დაუშვეს შეცდომა და ვინ ან რამ იქონია გავლენა სასამართლოს განაჩენზე. ამასთან საქმეზე პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოკვეთა.
მეორე ინსტანციაში საქმეზე პროკურორების გარდა არაფერი შეცვლილა. საქმეს ჩამოაშორეს ზვიად ფხაკაძე და ბრალდების პოზიციებს მეორე ინსტანციაში ახალი პროკურორები იცავენ.
კითხვის მიუხედავად უცვლელია სახელმწიფო ბრალდების პოზიცია, პროკურატურა დღესაც ამტკიცებს, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის წარდგენილი ბრალი მტკიცებულებებით გამყარებულია და მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენია დაუსაბუთებელი.
საქმეზე ჯერ კიდევ არსებობს პასუხგაუცემელი შეკითხვები. მაგალითად: რატომ ვერ მოახერხეს საგამოძიებო უწყებებმა პირდაპირ ეპასუხათ - ვინ მოკლა დავით სარალიძე. ამ კუთხით ეჭვებს ბადებს ის დეტალებიც, რაც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რაც სასამართლომაც გაითვალისწინა, კერძოდ გ.ბ, რომელიც ლევან დადუნშვილის მკვლელობაშია მსჯავრდებული, პროკურატურის მტკიცებით ასევე სარალიძის მკვლელობის მონაწილეც იყო. თუმცა მკვლელობის იარაღზე - დანაზე, გარდაცვლილ დავით სარალიძის დნმ-პროფილი არ აღმოჩნდა. ასევე გაუგებარია როგორ აღმოჩნდა ხელსახოცზე, რომელშიც ეს დანა გაახვიეს, ლევან დადუნაშვილის, დავით სარალიძისა და მსჯავრდებულ გ.ბ.-ს პროფილი. ეს არის კითხვები, რომელზეც გამოძიებას პასუხი მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგაც ჯერ არ აქვს.





