imedi
შსს 2 700 კილოგრამი ნაყინის შესყიდვის აუცილებლობას განმარტავს
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 700 კილოგრამ ნაყინს უწყება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ყიდულობს. სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნაყინი ჯარისკაცების დღიურ ნორმაში შედის და სწორედ ამიტომ ყიდულობენ. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 700 კგ ნაყინის შესასყიდად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 22 680 ლარია.
სატენდერო წინადადებების მიღება 13 აპრილს დაიწყება და 18 აპრილს დასრულდება. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, ნაყინის თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის. ფერი თეთრი, სუნი და გემო სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე; დაფასოებული, შესაბამისი მარკირებით, მითითებული უნდა იყოს: შემადგენლობა, შენახვის ვადები და პირობები. ვაფლის ჭიქაში, 1 ცალი ნაყინის წონა (ნეტო) 50გრ ან 100 გრ. მოთხოვნის შესაბამისად.
საქონლის მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა, 3 დღეში ერთხელ, შემსყიდველთან წინასწარ შეთახმებული გრაფიკის შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოკოლადის ნაწარმისა და კარამელის კანფეტის შესყიდვაზე ერთობლივი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო თანხა 1 მილიონ 58 ათას 989 ლარი იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით შსს-მ მაშინ განმარტა, რომ შოკოლადი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, ლოჯისტიკის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საჯარისო დანაყოფებისა და ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების დღიურ ნორმაში შედის და ამიტომ ყიდულობენ.





