imedi
პატრულის თანამშრომელს ქვის საამქროს მენეჯერის ცემაში ადანაშაულებენ
სამართალი

საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორს, გიორგი ქავთარაძეს კომპანიის მენეჯერის ცემაში ადანაშაულებენ. ამის გამო შიდა ქართლის პროკურატურამ გამოძიება 20 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) დაიწყო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
შეტყობინების მიხედვით, 20 მარტს პატრულ-ინსპექტორმა გიორგი ქავთარაძემ შპს "AGI Group"-ის მენეჯერს, პერვინ მამედოვს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ირკვევა, პატრულის თანამშრომელს ქვის საამქროს ვალი ჰქონდა და მენეჯერი თანხის გადახდას სთხოვდა.
მამედოვის ადვოკატის ინფორმაციით, ქავთარაძე და მამედოვი ერთმანეთს სოფელ აგარებთან, "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურთან შეხვდნენ. ადვოკატის განცხადებით, პატრულის თანამშრომელმა საამქროს მენეჯერს სცემა და ცხვირი გაუტეხა, რის შემდეგაც, ქავთარაძემ პატრულის სხვა ეკიპაჟს გადასცა ინფორმაცია, თითქოს მას მოქალაქემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალა და წინააღმდეგობა გაუწია. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
"საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ექვსი თვის წინ ქვის გადამამუშავებელი საამქროდან, სადაც მამედოვი მენეჯერად მუშაობს, "ნისიად" ე.წ. შებელი (დამტვრეული ქვა) წაიღო, თანხა დღემდე არ გადაუხდია. დაპირისპირება სწორედ შებელის გადაუხდელი თანხის მოთხოვნისას მოხდა. გიორგი ქავთარაძემ პერვინ მამედოვს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თანაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს", - განმარტავს პერვინ მამედოვის ადვოკატი ზურაბ ელიაშვილი.





