ვარდისუბნის ბაზარში კაცის დაჭრის გამო დაკავებულს გირაო შეეფარდა
სამართალი

ფოტო: არქივი
ვარდისუბნის საქონლის ბაზარში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული დავით ლეგაშვილის საქმეზე თელავის სასამართლომ იმსჯელა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თანხის სრულად გადახდამდე დავით ლეგაშვილი პატიმრობაში რჩება.
ადგილობრივებმა ლეგაშვილის დაკავების გამო, საპროტესტო აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ლეგაშვილი უსამართლოდაა დაკავებული მაშინ, როცა ინციდენტის მონაწილე სხვა პირები სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა პროტესტი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩერეს.
23 სექტემბერს, დილით, ვარდისუბნის საქონლის ბაზარში ექვსი შეიარაღებული პირი სოფელ ყარაჯალის ოთხ მკვიდრს ფიზიკურად გაუსწორდა. ინცინდენტის დროს დაიჭრა ერთი კაცი. დაზარალებულების თქმით, დაპირისპირება ვარდისუბნის მცხოვრებლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოხდა და ისევ განახლდა. თავდამსხმელი მხარე დაზარალებულს ნაკვეთიდან ცხვრების გაყვანას სთხოვდა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით. პოლიციამ 1977 წელს დაბადებული დ.ლ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა.





