imedi
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა
სამართალი

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ, 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით, ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტა“-ს მიერ დაფუძნებული შპს „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსი და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერი.
„დაკავებულებს ბრალად სამშენებლო კომპანიის, 243 000 ლარის ოდენობის თანხის მითვისება ედებათ. 2015-2016 წლებში, ა.ბ. იკავებდა შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსის თანამდებობას, რა დროსაც ბ.ე.-ს პირად სახელფასო ბარათზე პერიოდულად რიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას და ხდებოდა ამ თანხების მითვისება. მათ წინააღმდეგ საქმე სამხედრო პოლიციაში სხვისი ნივთის ან დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას ეხება. სასჯელი შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.





