imedi
შსს-ს "კანონიერ ქურდებთან" დაკავშირებით კანონის გამკაცრება სურს
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით, არსებული კანონმდებლობის გამკაცრება სურს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით, შსს-ს აკადემიაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.
სხდომაზე განიხილეს შსს-ს მიერ შემუშავებული ინიციატივები, რომლებიც ე.წ. ქურდული სამყაროსა და ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ, კანონმდებლობის დახვეწასა და გამკაცრებას გულისხმობს.
სხდომაზე ითქვა, რომ შსს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებს, უახლოეს მომავალში მთავრობის ადმინისტრაციას დასამტკიცებლად გადაუგზავნის. შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს, რომ მთავრობას წარუდგინოს საკანონმდებლო პაკეტი ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების მიზნით.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში არიან: შსს სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სასჯელაღსრულების, განათლების სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.





