imedi
ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
სამართალი

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სუს-ის აფხაზეთის სამმართველოს თანამშრომლის, ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლე დავით გელაშვილმა განაჩენი დღეს გამოაცხადა.
სასამართლომ ამავე უწყების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ყოფილი მთავარი სპეციალისტი დემუშა ბარამია სსკ-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილში დამნაშავედ ცნო, რაც შრომის დაცვის წესის (უსაფრთხოების ტექნიკის ან სხვა წესის) დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულს თავისუფლების 3 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა. დემუშა ბარამიას, პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, სამი წლით სახელმწიფო სამსახურში, ასევე ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოერთვა.
გარდაცვლილის ოჯახი კი ბარამიას კვლავ უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ზვიად ლაგვილავა მიზანმიმართულად მოკლეს, რადგან აფხაზეთიდან კონტრაბანდის გადმოტანის თაობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა. Facebook-ის საკუთარ გვერდზე ლაგვილავას მეუღლე ცირა მალანია წერს, რომ მკვლელი ონისე კვაშილავაა და მის დასჯას მოითხოვს.
"არავის არ შეგრჩებათ ზვიადის მკვლელობა! ძალიან მალე დავიწყებ ხელმოწერების შეგროვებას ზუგდიდში მოთხოვნით, დაისაჯოს მკვლელი კვაშილავა და მისი მფარველები! ვხედავ, აზრი არ აქვს არც გამოძიებას და არც სასამართლოს! ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ გაჩუმებულები ვართ. ველოდებოდი, სასამართლო რას იზამდა. არ მოგასვენებთ!" - წერს მალანია.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ზვიად ლაგვილავა 2014 წლის 27 ოქტომბერს ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აფხაზეთის სამმართველოს შენობაში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. იმავე ვერსიით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შენობის სააბაზანოში ტექნიკურმა პერსონალმა წყლის გამაცხელებელი ავზი დაამონტაჟა, თუმცა ავზი ამორტიზებული იყო და წყლის ტემპერატურის მარეგულირებელი (თერმოსტატი) არ ფუნქციონირებდა, რაც აფეთქების საფრთხეს წარმოადგენდა.





